top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

20 აპრილი - სად ვართ და საით მივდივართ?

Updated: Apr 27, 2020

ფიზიკური დისტანცირების საკმაოდ დროული და აგრესიული ზომების ხარჯზე საქართველოში Covid-19 გავრცელება მისასალმებლად დაბალი ტემპითა და სტატისტიკით მიმდინარეობს, როგორც ვივარაუდეთ თითქმის ერთი თვის წინანდელ პოსტში (24 მარტი, 2020წ).


სამწუხაროა, რომ საქართველოში დღემდე არ შექმნილა ცენტრალური 'პორტალი', სადაც თავმოყრილი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით Covid-19 დაკავშირებული ყოველდღიურად ჰოსპიტალიზირებულთა, დამძიმებულთა და გამოჯანმრთელებულ-გამოწერილთა სტატისტიკა. ამის ბევრი, საჯაროდ სრულიად ხელმისაწვდმომი მაგალითები არსებობს მსოფლიოში. დაბალი ლეტალობის (საბედნიეროდ) და სათუო ტესტირების (სავალალოდ) პირობებში, ასეთი პორტალის არსებობა მით უმეტეს აუცილებელი და შეუცვლელია დინამიკის ზოგადი ტრენდების უკეთ აღსაქმელად.


მიუხედავად ამისა, მაინც შევეცადეთ ინფიცირებულთა არსებული ინფორმაციის სხვა რაკურსით წარმოჩენა, რაც იმედია, უფრო თვალსაჩინოს გახდის არსებულ ტრენდს.


ამ გრაფიკში, ვერტიკალურ (ანუ Y) ღერძზე ნაჩვენებია პოზიტიურად ტესტირებულთა (მოკლედ: პოზიტივთა) დღიური ცვლილება ანუ, ამ შემთხვევაში, ზრდა. ჩვეულებრივ, აჩვენებენ ხოლმე პოზიტივთა ჯამურ რაოდენობას (მაგ. ncdc.ge გვერდზე), მაგრამ იქ ძნელია ტრენდში ცვლილებების დანახვა. ამიტომ ვამჯობინეთ დღიური ცვლილებების ჩვენება.


ლურჯად ნაჩვენებია აბსოლუტური ცვლილება და ეს შეესაბამება მარცხენა, ასევე ლურჯ შკალას. ხოლო აგურისფრად ნაჩვენებია პროცენტული ცვლილება და ეს შეესაბამება მარჯვენა, ასევე აგურისფერ შკალას.


მაგალითად, იმ ადგილას, სადაც ორი გრაფიკი ერთმანეთს კვეთს, ლურჯი გვიჩვენებს, რომ დღიური ცვლილება იმ დღეს იყო დაახლოებით 10 დამატებით ინფიცირებული, ხოლო აგურისფერი გვიჩვენებს, რომ ეს წარმოადგენდა დაახლოებით 10% ცვლილებას წინა დღესთან შედარებით.


ჰორიზონტალურ (ანუ X) ღერძზე ნაჩვენებია პოზიტივთა ჯამური (ანუ კუმულატიური) რაოდენობა. ჩვეულებრივ, ასეთი პრეზენტაციისას, X-ღერძზე გვიჩვენებენ ხოლმე კალენდარულ დღეებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვირუსმა არაფერი იცის ჩვენი კალენდრის ან დროის დღეებად დაყოფის შესახებ. უბრალოდ, მისი ყოველი შემდგომი გავრცელება პირდაპირ-პროპორციულია მისი ახლანდელი გავრცელებისა. ზუსტად ამიტომ, მისი ახლანდელი გავრცელების უკეთესი ამსახველია ჯამური ანუ კუმულატიური პოზიტივთა რაოდენობა და არა დღევანდელი თარიღი.


რადგან პოზიტივთა კუმულატიიური რაოდენობა ყოველდღე მატულობს, ამიტომ დროც ამ გრაფიკში მარცხნიდან მარჯვნივ მიედინება, როგორც ნაცრისფერი ისრითაა ნაჩვენები. ყველაზე მარხცენა წერტილები შეესაბამება 5 მარტს, ხოლო ყველაზე მარჯვენა - 19 აპრილს.


ასეთი პრეზენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად დაბალი სტატისტიკის და დღიდან-დღემდე დიდი ფარდობითი ფლუქტუაციებისას, რასაც აქვს ადგილი საქართველოში ინფიცირებულთა მონაცემებში დღესდღეობით.


გარდა ამისა, ეს შესაძლებელს ხდის ორივე, X და Y ღერძების ლოგარითმულ შკალაზე წარმოდგენას. ეს იმიტომ, რომ აქ ექსპონენციალური ზრდა უბრალოდ წრფედ წარმოჩინდება.


დაბოლოს, ავღნიშნავთ, რომ ფლუქტუაციების შემცირების მიზნით მონაცემები გასაშუალოებულია SMA5 ალგორითმით რაც არის უბრალოდ 5-დღიანი მოძრავი საშუალო.


რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ გრაფიკიდან?


  1. ზრდის დინამიკა შესუსტებულია მარტის თვესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური დღიური ცვლილებები ახლა უფრო დიდია, დავაკვრიდეთ, რომ ფარდობითი ანუ პროცენტული ზრდა გაცილებით მაღალი იყო ადრე და რომ ბოლო 2 კვრის განმავლობაში ის 10% ზე დაბალია და კლების ტენდენციას აგრძელებს.

  2. თუ კარგად დავაკვირდებით აბსოლუტურ ზრდას, შეგვიძლია შევნიშნოთ სავარაუდოდ სხვადასხვა კლასტერული ზრდის 3 ან 4 მონაკვეთი, სადაც ზრდა ექსპონენციალურს უახლოვდებოდა. თუმცა ზრდის ტემპებს ამ კლასტერებშიც კი პროგრესულად კლების ტენდენცია აქვთ.

  3. პროცენტული ზრდის კლება პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ახლა პიკზე უნდა გავდიოდეთ. პიკზე უფრო აქ სავარაუდოდ მოსალოდნელია პლატო, ანუ 'გადღაბნილი' პიკი. ეს შეკავების ზომების პირდაპირი შედეგია, რომელთა გაგრძელება აუცილებელია მინიმუმ სანამ პლატოდან ჩამოსვლას არ დავიწყებთ.

  4. ინფიცერებულთა რეალური რაოდენობა ქვეყანაში შესაძლოა ბევრად განსხვავებული იყოს პოზიტივთა რაოდენობიდან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ადრე დაიკეტა ქყვეყანა პანდემიის გავითარებასთან მიმართებაში. ჯერ-ჯერობით ყველაფერი მიგვანიშნებს იქითკენ, რომ ეს საკმაოდ დროულად მოხდა საქართველოში. რომც იყოს საგრძნობლად მეტი ინფიცირებული, პოზიტივთა აქ წარმოდგენილი ტრენდი სავარაუდოდ მაინც საიმედო ამსახველი უნდა იყოს სრულად ინფიცირებულთა პოპულაციის ტრენდისა.

  5. მიუხედავად გარდაცვლილთა დაბალი რაოდენობისა, მაინც საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა გაორმაგებამ დაახლოებით გარდაცვლილთა გაორმაგება გამოიწვია და რომ ლეტალობის დაახლოებით 1%-ზე ვართ. ბოლო კვლევებით, Covid-19 დაავადების ლეტალობა სადღაც 1% ან ნაკლებია. ეს გარკვეულად დამადასტურებელი ფაქტორია ზემოთქმულისა ინფიცირებულთა რეალური პოპულაციის შესახებ.

  6. ჰოსპიტალიზირებულთა დღიური მონაცემებით შესაძლებელი იქნებოდა ტრენდის გაცილებით უფრო ზუსტად 'დაჭერა'.


166 views0 comments
bottom of page